English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მურმან კვარაცხელია
მსოფლიო ინოვაციური პოლიტიკა და საქართველო

რეზიუმე

მსოფლიოში გლობალური გარდაქმნები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინოვაციური პროცესების სწრაფი ტემპით განვითარებაზე. საქართველოში მოქმედი ინოვაციური პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებულია საერთაშორისო ტენდენციებთან. ინოვაცია უშუალოდ ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნა, მისი მარკეტინგული უზრუნველყოფა, ინვესტიციების მოზიდვა, ღირებული ინტელექტუალური საკუთრების შექმნა და სხვა.

თანამედროვე პირობებში სწორედ იაპონია გვევლინება ინოვაციის თვალსაზრისით ერთ-ერთ დაწინაურებულ ქვეყანად. აქ შეიქმნა სრულიად ახლებური მიდგომის იაპონური მართვის თეორიები, რომლებსაც საფუძვლად უდევს ახალი ტექნოლოგიების მუდმივად განახლების პროცესი. იაპონიის გამოცდილება განვითარებადი ქვეყნებისათვის შეიძლება ზოგად ორიენტირადაც გამოდგეს, რაც გასათვალისწინებელია.

ინოვაციის დონე მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი დონის გაზომვა ინოვაციის ინდექსით ხდება, რომელსაც გააჩნია მრავალი კომპონენტი. ამ მხრივ, მსოფლიოში  პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: შვეიცარია, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და ფინეთი. საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, 64-ე ადგილზეა 128 სახელმწიფოთა შორის, რაც დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ მხრივ ბევრი გამოწვევების წინაშე დგას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება გრძელვადიან პერიოდში ინოვაციურ განვითარებაში, ადამიანურ კაპიტალში, კვლევაში, ცოდნასა და ტექნოლოგიებში.

საქართველო, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, ქმნის ახალ სტრატეგიებს, რომლებიც ეყრდნობა ახალ ინოვაციურ სისტემას. სწორედ ეს განაპირობებს გლობალიზაციის პროცესში არსებით სტრუქტურულ გარდაქმნებს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისათვის.

ქვეყანაში უკვე  ჩანს გამოკვეთილი კონტურები მომავლის ინოვაციების კუთხით, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ინტელექტუალური კაპიტალის ხარისხზე მოახდენს. ამასთან სწრაფი ტემპით ვითარდება ბიოტექნოლოგიური დარგები, ავტოინდუსტრია, კომუნიკაციების მარტივი მოდელები, ენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები, მედიცინის თანამედროვე დარგები, ნანოტექნოლოგიები და ა.შ. ინოვაციების ასეთი რევოლუციური ნახტომი კონკურენტული უპირატესობის თეორიის პროგრესითაც არის ნაკარნახევი. ეს კი მსოფლიო ბაზარზე ინოვაციების დანერგვითაა განპირობებული. საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მოპოვების პერსპექტივა ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებითაა შესაძლებელი, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში ქვეყნის პროგრესის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცევა.

საკვანძო  სიტყვები: ახალი ტექნოლოგიები, ინოვაცია, ინოვაციური მენეჯმენტი, ინოვაციის ინდექსი, ბიზნეს გარემო, მომავლის ინოვაციები, ნანოტექნოლოგიები.

შესავალი

საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, ეკონომიკის დაჩქარებული ზრდის ტემპი სჭირდება. ეს შეუძლებელია მცირე რესურსების პირობებში. თუმცა უამრავმა ჩატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმამ  გაცილებით მეტი პრობლემა წარმოშვა. საბაზრო ეკონომიკის მსოფლიო ისტორიული გამოცდილებისა და ინსტიტუციური რეფორმების გათვალისწინება  წინაპირობაა ეკონომიკის წინსვლისა და პროგრესისათვის, მაგრამ მასთან ერთად აუცილებელია ინოვაციური პროცესების გაძლიერებაც. ეს კი მოითხოვს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამების შედგენასა და ინოვაციური მიღწევების დანერგვის ხანგრძლივმოქმედი სტრატეგიის შემუშავებას. ყოველივე ეს ხელშემწყობი ფაქტორი გახდება წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ახლებურ მიდგომას მოითხოვს წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

*   *   *

ინოვაცია, ზოგადად, ფართო და მრავალმხრივი დატვირთვის მქონე კატეგორიაა, რომელიც დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტასთან, როგორიცაა: ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნა, მისი სრულყოფილი მარკეტინგული უზრუნველყოფა, ინვესტიციების მოზიდვა, ღირებული ინტელექტუალური საკუთრების შექმნა, უახლესი ტექნოლოგიების შესყიდვა და სხვა. ამასთან, ინოვაციური პროდუქტის შექმნას ყოველთვის წინ უსწრებს ახალი იდეების გენერირება, რომელიც საზოგადოებრივი პროგრესის მასტიმულირებელი საშუალებაცაა. გარდა ამისა, ინოვაცია თავის თავში გულისხმობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას ახალი ბაზრების საშუალებით გარკვეული სარგებლის მისაღებად, ანუ ეს არის პროცესი, რომელიც ახალ იდეებს გარდაქმნის ახალ ბიზნესმოდელებად   და, საბოლოოდ, ახალ პროდუქტებად და ბრენდებად.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ინოვაციის ზოგად მახასიათებლებსაც. აქ საინტერესოა ერთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიებს არ უკავშირდება.  ის არის აზროვნების ფორმა, რომელიც ბიზნესის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოვიყენოთ არსებული ტენდენციების ტრანსფორმაციისათვის. ტექნოლოგია თავისთავად ინოვაციის სამიზნეა, ამდენად მაღალტექნოლოგიური კომპანიებისათვის უმთავრესი მიზანია ინოვაციურობის მაქსიმალურად გათვალისწინება განვითარების  ამა თუ იმ ეტაპზე. თუმცა ინოვაციების მასტიმულირებელი  როლიც მნიშვნელოვანია, რადგანაც „თუ შენ არ ვითარდები, არ აკეთებ რაღაც განსხვავებულსა თუ უკეთესს, მაშინ კონკურენცია გაგაქრობს“[7]. აქედან, ცხადია, ინოვაცია ნიშნავს უწყვეტ გაუმჯობესებას, მაგრამ ამასთან, „რაღაცის კონკურენტებისაგან განსხვავებულად კეთებას“[7]  ანუ ტექნოლოგიურ გარღვევას, პრობლემების განსხვავებულ ხედვას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ასევე ახალ-ახალი მოთხოვნების სწრაფად და მარტივად დაკმაყოფილება. თუმცა სიჩქარით უნდა დაინერგოს სიახლე ისე, რომ მისი შეთვისება შეძლოს მომხმარებელმა.

ნებისმიერ ინოვაციას უნდა გააჩნდეს ისეთი ტექნოლგიური სიახლე, რომელიც გაზრდის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მასშტაბებით კი - შეიძლება ჰქონდეს როგორც გლობალური, ასევე ლოკალური მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყნისათვის.

სანამ უშუალოდ შევეხებოდეთ საქართველოს ინოვაციურ პოლიტიკასა და მის გამოწვევებს, ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი დაწინაურებული ქვეყნის, იაპონიის, ინოვაციურ პოლიტიკურ სისტემაზე გავამახვილოთ ყურადღება.

იაპონია  ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. მთლიანი შიდა პროდუქტის  მაჩვენებლით მოსახლეობის ერთ სულზე 48 ათასი აშშ დოლარით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში (საქართველოს მაჩვენებელს ის აღემატება თითქმის 12-ჯერ!)[4].

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ იაპონია არც ტერიტორიის სიდიდით (378 ათასი კვ.კმ) და არც მოსახლეობის რიცხოვნობით (126 მლნ. ადამიანი)  არ გამოირჩევა სხვა ქვეყნებისაგან[12]. ასეთი წარმატების მთავარი მიზეზი კი, ჩვენი აზრით, ქვეყნის მიერ განხორციელებული  პროგრესული ინოვაციური პოლიტიკაა. მსოფლიოში ბევრი მოწინავე ქვეყანა იაპონურ ინოვაციურ მენეჯმენტს ნერგავს და მისი იმპორტი ადგილობრივი მთავრობების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება, რაც დადებით ტენდენციად შეიძლება ჩავთვალოთ. ამის შედეგად ეს ქვეყნები უფრო კონკურენტუნარიანს ხდიან საკუთარ წარმოებას, რაც, ასევე, მათი ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელია.

აქ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იაპონია საქართველოს მსგავსად მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა, მაგრამ მისი პრიორიტეტია მაღალხარისხიანი და კუნკურენტუნარიანი პროდუქციის ექსპორტი.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული ეკონომიკის მქონე, მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, როგორც ექსპორტიორი და იმავდროულად იმპორტიორი ქვეყანა[13]. ამასთან დიდი მიღწევები აქვთ მაღალი ტექნოლოგიების დარგში. უკვე შექმნილია სუპერკომპიუტერების ახალი სისტემა,  რაც იძლევა შესაძლებლობას დიდი სიზუსტით მოხდეს სხვადასხვა ბუნებრივი პროცესებისა თუ მოვლენების პროგნოზირება. ასეთ წარმატებებს კი საფუძვლად უდევს იაპონური მართვის თეორიები.

იაპონური სახის გამოცდილება უნიკალურია მსოფლიოში. მათ გააჩნიათ საკუთარი პრინციპები, რომელთა არსი  იმაშია, რომ  უცხოურ ტექნოლოგიებს არა მარტო იყენებენ, არამედ განუწყვეტლივ აუმჯობესებენ. ამით ეუფლებიან ტექნოლოგიურ ინიციატივას და საკუთარ სიახლესაც სთავაზობენ მსოფლიოს. ამასთან, სახელმწიფოს მიერ დაწესებული საგადასახადო შეღავათები სტიმულს აძლევს კორპორაციებსა და ფირმებს შექმნან ინოვაციური, ექსპორტზე ორიენტირებული მოწინავე ტექნოლოგიები და პროდუქცია, რომლებიც სახელმწიფოს კეთილდღეობის უცილობელ გარანტიას წარმოადგენს.

ინოვაციის სფეროში განვითრებული ქვეყნების, და, განსაკუთრებით, იაპონიის გამოცდილება, ჩვენი აზრით, განვითარებადი ქვეყნებისათვის შეიძლება ზოგად ორიენტირადაც გამოდგეს. ამ კუთხით საინეტერესოა, თუ რა მდგომარეობაა გლობალური ინოვაციის ინდექსის მხრივ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილია, რომ ცალკეულ ქვეყნებში არსებული ინოვაციების დონე ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ინოვაციის ინდექსით GII იზომება. იგი შვიდი კომპონენტისაგან შედგება[14]. ესენია:

ქვეყანაში არსებული შესაბამისი ინსტიტუტები, კერძოდ, პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო;

ადამიანური კაპიტალი და სამეცნიერო კვლევები;

ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელშიც შედის ინფორმაციისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკოლოგიური მდგრადობა, ბაზრის განვითრების დონე, რაც მოიცავს კრედიტების ხელმისაწვდომობას, ინვესტიციების ჩადებას, ვაჭრობას, კონკურენციის არსებობას  და ბაზრის მასშტაბებს;

ბიზნესის განვითრების დონე, რომელიც ფასდება დასაქმებულთა ცოდნით, ინფორმაციისთვის საჭირო კავშირებითა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებით;

ცოდნა და ტექნოლოგიები, რომელთაც უდიდესი როლი ენიჭება ინოვაციების შექმნაში;

შემოქმედებითობა, სადაც  მნიშვნელოვანია არამატერიალური აქტივების არსებობა, ახალი პროდუქტი და მომსახურება და სხვა.

გლობალური ინოვაციის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ქვეყნები განსხვავებული რეიტინგით ხასიათდებიან. ინდექსის სიის სათავეში შვეიცარია დგას. შემდეგ მოდის შვედეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი და ა.შ. რაც  შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემებით ქვეყანა გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს 128 ქვეყანას შორის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  2015 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 9 პოზიციით გაუმჯობესდა (2015 წელს 73-ე ადგილიდან)[4].

საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს  მიიღო კანონი ინოვაციების შესახებ, რომლის  მიზანია: 1. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა; 2. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა; 3. სხვადახვა სახელმწიფოში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა; 4. საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა; 5. მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა.

ამ ფუნქციების რეალიზაციისა და ინოვაციების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობაში შექმნილია სათათბირო ორგანო კვლევებისა და ინოვაციების საბჭო.

აქედან გამომდინარე ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სუვერენული რეიტინგები. ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდესით 189 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზე იმყოფება ქვეყანა. ამან ხელი შეუწყო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 23-ე ადგილზე ყოფნას 178 ქვეყნებს შორის (ევროპაში კი მე-12 ადგილზეა). ბიზნესის დაწყების პოზიციაზე კი მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. 2013 და 2015 წლების შედარებისას ირკვევა, რომ საქონლის საერთო ბრუნვა გაიზარდა 10,6%-დან 11,4%-მდე. პროდუქციის გამოშვება - 11,8%-დან 14,3%-მდე. დასაქმებულთა რაოდენობა კი - 28,7%-დან 31,5%-მდე. ხოლო ინვესტირების მოცულობა - 2,9%-დან 10,5%-მდე [4].

ასეთი დადებითი ტენდენციები გამოწვეულია ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნითა და მათი კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლებით. ეს  ქმნის წინაპირობას ეკონომიკის ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისათვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ექსპერტების გათვლით 2020 წლისათვის ინოვაციების დანერგვის შედეგად ქვეყანაში გამოშვებული პროდუქციის საშუალო წლიური ზრდა იქნება 10%. ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა კი 15%-ით გაიზრდება, ხოლო მწარმოებლურობა - 7%-ით [18].

საქართველოს ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ძლიერი მხარეებიც გააჩნია. ესენია: ბიზნეს გარემო  (რეიტინგით მეექვსე ადგილზეა) და ბაზრის განვითარების დონე (მეშვიდე ადგილი). სუსტი მხარეებიდან უნდა აღინიშნოს განათლების დონე (რეიტინგით 115-ე ადგილი, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლისა, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები კრიტიკულად დაბალია). სამეცნიერო კვლევების განვითარება (მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩამოსცილდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტებში ჯერჯერობით სამეცნიერო სფერო დაბალ რეიტინგულია, ხოლო რეიტინგით 103-ე ადგილზეა). ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ინვესტიციები, ამ მხრივ, რეიტინგით ქვეყანა 86-ე ადგილზეა. ასევე კრიტიკულია დასაქმებულთა ცოდნის დონე, რითაც 91-ე ადგილზე ვიმყოფებით[4].

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ წლების მიხედვით გლობალური ინოვაციის ინდექსის კომპონენტებს ზრდადი დინამიკის ტენდენცია ახასიათებს. თუმცა, მისი შედეგი მაინც დაბალია. ქვეყანას სტაბილურად მაღალი შედეგი აქვს ინსტიტუტების კომპონენტში, ხოლო ყველაზე დიდი მერყეობით ბაზრის განვითარების კომპონენტი გამოირჩევა.

საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების შედეგად მცირე და საშუალო მეწარმეობაც გაიზრდება. ეს კი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აამაღლებს  SMS-ს კონკურენტუნარიანობას, რაც  სამეწარმეო უნარების ამაღლებისა და მისი თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დანერგვის წინაპირობას ქმნის. ყოველივე ეს SME-ს მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური დონის გაუმჯობესების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. ასეთი მიდგომა მოითხოვს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების სრულყოფა და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია და ინოვაციების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა.

საერთო ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს რეიტინგი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს ეხება გრძელვადიან პერიოდში ინოვაციურ განვითარებას, ადამიანურ კაპიტალსა და კვლევას, ცოდნასა და ტექნოლოგიებს.

მეტად საინტერესოა მომავლის ინოვაციები. ჩვენი აზრით, ძნელია ზუსტად გათვალოს მეცნიერებამ მომავალში, თუ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ადამიანის გონება, მაგრამ ნათელი კონტურები თვალნათლივ ჩანს. ეს ეხება მაღალი ტექნოლოგიების შედეგად წარმოქმნილ ახალ-ახალ დარგებს. ჩვენ შევეხებით ზოგიერთ მათგანს.

ასე მაგალითად, თანამედროვე ბიოტექნოლოგიები ხელოვნური ხელების გამოყენებას ცდილობენ. არქიტექტურის დარგში უკვე შენდება ისეთი ცათამბჯენები, რომლებიც მისი ღერძის გარშემო იტრიალებს წამში ექვსი მეტრის სიჩქარით, რაც მოხდება შიგნით მყოფების მიერ შეუმჩნევლად. კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მოსალოდნელი მიღწევები კაცობრიობას ჰპირდება, რომ  უახლოეს რამდენიმე წელიწადში აუცილებელი აღარ იქნება კლავიატურისა და კომპიუტერის თაგვის გამოყენება, რადგან კომპიუტერის მართვა აზროვნების საშუალებით   იქნება შესაძლებელი. ასევე, მეცნიერები არ გამორიცხავენ ტვინის იმპლანტების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობას.

ინოვაციის თვალსაზრისით, დიდი მიღწევებია მოსალოდნელი ავტოინდუსტრიის დარგშიც. აქ ცალსახად იკვეთება ტენდენცია, რომ მომავლის საწვავი ელექტროენერგია იქნება. არის ვარაუდი, რომ 2030 წლისთვის მოსახლეობა მთლიანად გადავიდეს ელექტრომობილების მოხმარებაზე.

საინტერესოდ განვითარდება გარესამყაროსთან ურთიერთქმედების კომუნიკაციის მარტივი მოდელები. ამის საშუალებით საგანზე ერთი შეხედვით შესაძლებელი გახდება მასზე სრული და დეტალური ინფორმაციის მიღება. ეს ადამიანის აუცილებელი თანამგზავრი გახდება რამდენიმე წელიწადში.

უახლოესი პერიოდის განმავლობაში არსებითდ შეიცვლება ენერგიის მიღების წყაროები. ცნობილია, რომ მიწიდან მოპოვებული წიაღისეული ამოწურვადია, რაც მზის ენერგიის გამოყენების მნიშვნელობას კოლოსალურად ზრდის. ამის მყარ საფუძველს იძლევა მზის ენერგიის გაიაფება და მისი მოცულობის გაორმაგება ყოველწლიურად, რაც დადასტურებულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში[15].

დიდი ძვრებია მოსალოდნელი მედიცინის დარგში. ამ სფეროს განვითარება ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას. შეიძლება ერთი მაგალითის მოყვანა. მსოფლიო მედიცინა დონორული ორგანოების პრობლემების გადაწყვეტას 3D-ბეჭდვით ცდილობს, რისი დასტურიცაა ჩატარებული ცდების   დადებითი   შედეგები. გარდა ამისა, მეცნიერები ნანოტექნოლოგიების დახმარებითა და გენომის რედაქტირებით რევოლუციას მოახდენენ მედიცინაში.   ამ მეთოდების გამოყენებით შესაძლებელს გახდიან შიზოფრენიისა და აუტიზმის განკურნებას გენეტიკურ დონეზე[16].

ასევე მეტად საინტერესოა ნანოტანსაცმლის ტექნოლოგიების სფეროს მომავალი. აქ უკვე გამოიკვეთა სამი მიმართულება: ნანობოჭკოს, ნანოგენერატორებისა და ჰიდროფობული. ამ ინოვაციური პროდუქტების თვისებები იმდენად განსხვავდება თანამედროვე ანალოგიური პროდუქტისაგან, რომ მას შეიძლება ეწოდოს გადატრიალება ამ სფეროებში. ასე მაგალითად, ნანოგენერატორების დახმარებით მოძრაობის დროს გამოიყოფა ენერგია, რომელიც ადამიანს პატარა ელექტროსადგურად აქცევს. რაც შეეხება ჰიდროფობულ ნანობოჭკოებს, იგი სიმშრალის შენარჩუნების უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა წყლით დაფარულ სივრცეში[17].

ზემოთ აღნიშნულიდან ცხადია, რომ მსოფლიო ინოვაციური პოლიტიკა პროგრესულად ცვალებადია. მისი  მთავარი  მამოძრავებელი  ძალაა განვითარებული ქვეყნების მეცნიერული კვლევის მიღწევები. განვითარებად ქვეყნებს კი შეუძლიათ ამ გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში აპრობირებული მოდელების მორგება საკუთარ ეროვნულ ეკონომიკებზე. ამ მხრივ, ჩვენი აზრით, მისაბაძია იაპონიის გამოცდილება. ეს ეხება საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - განათლების სისტემას. ჩვენმა ქვეყანამ სწორედ საკუთარი ინტელექტუალური კაპიტალის დახმარებით უნდა მოახდინოს ეროვნული ეკონომიკის განვითარება და მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა.

მსოფლიო ინოვაციური პოლიტიკიდან და განვითარებადი ქვეყნების მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საქართველოში ინოვაციური სტრატეგიები ძრითადად სამი მიმართულებით უნდა განვითარდეს. ესენია  „გადმოტანის’’ სტრატეგია,  ,,დასესხების’’ სტრატეგია  და  ,,გაძლიერების“ სტრატეგია.

დასკვნა

გლობალიზაციის პროცესში ინოვაცია ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. მისი მნიშნელოვანი უპირატესობა ქვეყნის  კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაა  მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის საქართველოს, როგორც მცირე რესურსების მქონე ქვეყანას, სჭირდება ინოვაციური ეკონომიკის განვითარება. ამისათვის საკუთარი გზების ძიება ეროვნული  ინტელექტუალური კაპიტალის სტიმულირებასა და ხელშეწყობაზე გადის.

ინოვაციური მიღწევების დანერგვა და მისი გამოყენება საკუთარი ტრადიციული დარგების კონკურენტუნარიანობის  ამაღლების წინაპირობებს ქმნის, რაც სტიმულის მიმცემია ინვესტიციური კაპიტალის მოზიდვისათვის.  მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა  კი - მომავლის ინოვაციების ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.

საქართველოში ინოვაციების , კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა სამი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ესაა „გადმოტანის“, „დასესხების“ და „გაძლიერების“ სტრატეგია.

ყოველივე ეს უნდა აისახოს სახელმწიფოს მიზნობრივ პროგრამებში, რომლებიც  რეალურად ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა  და  ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დაკავებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. აბესაძე რ., ბურდული ვ. „ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. თბილისი, 2014. (რუსულ ენაზე).
  2. ჭითანავა ნ. „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“. თბილისი,2018.
  3. ჩიქავა ლ. „ცოდნა როგორც სპეციფიკური საქონელი და მისი გადამწყვეტი როლი ინოვაციურ ეკონომიკაში“. კრებულში: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. შრომები 4. თბილისი, 2004.გვ.5-25.
  4. WWW.Geostati.ge.
  5. http://forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi-da-saqarTvelo
  6. http://b2p.ge/10-inovazia-romlebic-samyaros-amoatrialeben-2020-wlistvis/

       7.  https://businesshub.ge/ge/innovation/increase-rd/types-of-innovation

       8.  https://www.trendbook.ge/en/component/content/article/49-extra/12978-inovaciagvesmisthuaramisimnishvneloba

       9.  http://ite-r.blogspot.com/2014/01/blog-post.html

       10. http://forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi-da-saqarTvelo

       11. https://www.businessaward.ge/ka/nomination/wlis-inovaciuri-biznesi

       12. forbes.ge/news/

        13. www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t.

        14. forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi-da-saqarTvelo.

        15. https://www.overclockers.ge/index.php?/

        16. https://www.youtube.com/watch?v=GqeJrJ0Kv4k.

        17. cheminanospace.blogspot.com/2017/10/blog-post_23.htm.

        18. http://www.economists.ge/ka/activities/publications/ #141-mtsire-da-sashualo-biznesi-saqartveloshi